English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ იოსებ არჩვაძერევაზ გოგოხიაელგუჯა მექვაბიშვილი
მნიშვნელოვანი ნაშრომი ეროვნული ეკონომიკის ყველაზე მოწყვლად სექტორზე

ჟურნალი N 3.2023

აგრარული სექტორი ყოველთვის იყო ქართული ეკონომიკური მეცნიერებისა და ზოგადად, ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალ-ამაგდარ ადამიანთა ყურადღების ცენტრში. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც სოფლის მეურნეობა, მიწა არამარტო წარმოების საშუალება, არამედ ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების, მისი მდგრადობის გამოხატულების უმნიშვნელოვანესი პირობა და სასიცოცხლო სივრცეა. ყოველივე ეს ყველაზე კარგად უწყიან ქართული აგრარული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა ბატონებმა რევაზ ასათიანმა და პაატა კოღუაშვილმა 

14 რევაზ ასათიანი, პაატა კოღუაშვილი - „საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები“, რედაქტორები: პროფ. იოსებ არჩვაძე, აკად. ნაპოლეონ ქარქაშაძე, გამომცემლობა „პოლიგრაფი“, 154 გვ., თბ. 2023.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბრძანებით რეცენზირებული მონოგრაფია აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო ნაშრომად აგრარულ სფეროში.

 

და ბუნებრივიცაა, რომ მათი ამგვარი დამოკიდებულება ძალუმად იგრძნობა აღნიშნული მონოგრაფიის პირველიდან ბოლო გვერდამდე.
ნაშრომის არსი, ლაიტმოტივი უკვე მის სათაურიდანვე ჩანს - ის გვეუბნება, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზე არაა და დარგი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. მაგრამ, სათაური ასევე აგრძნობინებს მკითხველს, რომ ეროვნული ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარგს აქვს პრობლემების დაძლევის და განვითარების შანსი და რესურსი.
ის, რომ აღნიშნული სფერო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, აღებული აქვს ვალდებულება უზრუნველყოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; სოფლის მეურნეობაზე ყურადღების გაძლიერების აუცილებლობას მიუთითებს ქვეყნის მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების ზრდა და არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში აგრო-სასურსათო პროდუქციის ქრონიკული დეფიციტი. მხოლოდ ამ საუკუნეში აღნიშნულმა დეფიციტმა - უარყოფითმა სალდომ, თითქმის 12 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც სულ ცოტა, 8-ჯერ აღემატება 2022 წელს საქართველოს აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას.
ის, რომ გლობალური მასშტაბით მოსახლეობის მატების ტემპი უსწრებს მსოფლიოში აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, ხოლო ამ უკანასკნელის მატება საგრძნობლად ჩამორჩება გლობალური ეკონომიკის ზრდას, განაპირობებს იმას, რომ არსებითად იზრდება მოთხოვნა სურსათზე და მის ძირითად მატერიალურ საფუძველზე - სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რის გამოც მწვავდება კონკურენცია სურსათის მომხმარებელთა შორის გლობალურ ბაზრებზე სურსათზე ფასების ზრდის ნეგატიური შედეგით.
ასეთ პირობებში, საქართველოს სტრატეგია უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მკვეთრი ზრდა, შრომის მწარმოებლურობის ამაღლება აგრარულ სექტორში, აღნიშული კომპონენტით საგარეო სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესება და როგორც შედეგი, საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის თავისებური სტიგმის - „ეროვნული ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლის“ დაძლევა. ავტორებს გააზრებული აქვთ, თუ რა გზით, როგორ და რა რესურსებითაა შესაძლებელი, რა დროშია მიღწევადი ამგვარი სტიგმის დაძლევა და აგრარული სექტორის საქართველოს ეკონომიკის ძლიერ რგოლად გადაქცევა.
ამასთან, მონოგრაფიის ავტორები აგრარული სექტორის განვითარებას არ უკავშირებენ მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნილების უფრო სრულად დაკმაყოფილებას და მისი კეთილდღეობის ამაღლებას. - მათი აზრით, ამგვარ ძალისხმევას აქვს კიდევ ერთი ასპექტი - ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება. - სასურსათო უსაფრთხოებას, სურსათით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის ამაღლებას ავტორები თვლიან ეროვნული უშიშროების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.
პროფესორები რ. ასათიანი და პ. კოღუაშვილი მიიჩნევენ, რომ დასახული მიზნების რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს: პირველ ეტაპზე ( 2023-2026 წწ.) უნდა მოხდეს დარგის მთავარი წარმოების საშუალების და ფაქტორის - მიწების ინვენტარიზაცია, მათზე დაფუძნებული წარმოების რეაბილიტაცია-განვითარება; მეორე ეტაპზე (2027-2030 წწ.) კი განსახორციელებელია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, სოფლის მეურნეობის მაღალტექნოლოგიურ დარგად ტრანსფორმაცია და უპირატესად ინტენსიური გზით განვითარების უზრუნველყოფა.
ავტორები დასახული ამოცანების რეალიზაციას უკავშირებენ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებისათვის საჭირო სწავლებასა და ცოდნას; ამავე დროს, ისინი დიდ როლს აკუთვნებენ სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას - როგორც ეკონომიკური მექანიზმის ფორმირების, ასევე კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. უაღრესად საინტერესო და საგულისხმოა ამ ასპექტით მათი ხედვა აგრარული და სასურსათო პროდუქციის წარმოების, აგრეთვე რეგიონების განვითარების კუთხით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციის, მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგიებისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვის მხრივ.
მთლიანობაში, ნაშრომის გაცნობა იძლევა შესაძლებლობას, მკითხველი თანმიმდევრულად გაეცნოს ავტორთა მიერ დარგის განვითარებისათვის გადასაწყვეტ ამოცანებს. ამასთან, ისინი გვთავაზობენ არამარტო ეკონომიკის აღნიშნული სექტორის განვითარების მოდელს, არამედ უფრო მასშტაბური ამოცანის გადაწყვეტის გზასაც - ქვეყნის არაურბანული დასახლებების (სოფლების) სტაბილური განვითარების უზრუნველმყოფ პირობებს.
აგრარული სექტორის წინაშე არსებული პრობლემები მონოგრაფიაში წარმოჩენილია კომპლექსურად, ხატოვნად რომ ვთქვათ, „სამ განზომილებაში“, ამ პროცესში მასში ჩართული სუბიექტებისა და ინსტიტუტების როლისა და ფუნქციების ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ ისინი საკითხს განიხილავენ, არამარტო ეკონომიკური, არამედ ფილოსოფიური ასპექტშითაც (ნაშრომის ერთერთი პარაგრაფის მრავლისმეტყველი სახელწოდებაა „მიწის როლი ქართულ ცნობიერებაში“). მსჯელობენ რა აგრეთვე მიწისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებაზე, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებასა და ამ კუთხით იმ გამოწვევებზე, რაც თანამედროვე ეპოქას მოაქვს ზოგადად, კერძოდ კი - ჩვენი ქვეყნისათვის. რაც უნდა პათეტიკურად მოგვეჩვენოს ავტორთა ნათქვამი, არ შეიძლება არ დაეთანხმო მის პათოსს: ”ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავრესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიული იდენტობა ეროვნული ცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის მოუწესრიგებლად წარმოუდგენელია. მიწა ერის სასიცოცხლო და შემოქმედებითი სივრცეა“ (გვ. 9).
დიდძალი სტატისტიკური მასალა მონოგრაფიის ავტორებს ეხმარება რელიეფურად წარმოაჩინოს მიწათსარგებლობაში არსებული მდგომარეობა, მიწათმოწყობის პრობლემები, მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ზოგადად ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარება. განსაკუთრებით საყურადღებოა ავტორთა მოსაზრება სახელმწიფოს როლზე მიწათსარგებლობის ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ საკითხებზე. ავტორები ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამენ, რომ მიწის საკითხი და მისი გადაწყვეტა ორგანულად უნდა გამომდინარეობდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობიდან. ამასთან, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად იშველიებენ სხვადასხვა მოწინავე ევროპული ქვეყნის (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია) მიწათსარგებლობის გამოცდილებას. მათი ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა: სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნება ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მიწების პარცელიზაცია, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, ბოლო ათწლეულებში განადგურებული ქარსაფარი/მინდორსაფარი ზოლების აღდგენა, დაურეგისტრირებელი ნაკვეთების რეგისტრაცია, მიწათმოსარგებლეთა იურიდიული პერსონიფიკაცია და სხვ.
ავტორები ავითარებენ აზრს, რომ ნებისმიერი განზრახვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვისა, კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული და რომ ასეთი ნასყიდობები გასაუქმებელია, აგრეთვე იმას, რომ კატეგორიულად დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში, მისი შემდგომი პრივატიზაციის მიზნით. (გვ. 15-16).
მონოგრაფიის ავტორები რ. ასათიანი და პ. კოღუაშვილი ხაზს უსვამენ მაღალ კორელაციას მიწათსარგებლობის ეფექტიან გამოყენებასა და სოფლის, როგორც აგრარული სექტორის, მთელი ქვეყნის სიძლიერის საძირკვლის განვითარებას შორის, იმ როლს, რაც აგრარული სექტორის განვითარებაში შეუძლია შესრულოს ინკლუზიურმა სამეწარმეო განვითარებამ და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებამ. ნაშრომი უხვად შეიცავს რეკომენდაციებს, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით კოოპერაციის შესაბამისი მოდელის ფორმირებისათვის, აგრეთვე, სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის ფორმირებისა და განვითარებისათვის (კოოპერაციაზე დაფუძნებული ეფექტიანი საზღვარგარეთული მოდელების ადაპტირება ქართულ რეალობასთან, სათემო კოოპერატივებისთვის უპირატესობის მინიჭება, სოფლისათვის საძოვრების, სათიბების, წყლის და ტყის ფონდის, აგრეთვე საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურის უვადო სარგებლობაში დაბრუნება და სხვ.), სოფლის (თემის), როგორც სრულფასოვანი სამართალსუბიექტის სტატუსის აღდგენა და ა.შ.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას აქვს არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ასპექტიც და ეს არის ეროვნული უშიშროების საფუძველი. მათი ხედვები სასურსათო უსაფრთხოების არაერთ ასპექტს ეხება - სურსათის უვნებლობიდან დაწყებული და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუციური და ორგანიზაციული ღონისძიებებით დამთავრებული. ხაზგასმულია, რომ სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა (უშიშროების) და მდგრადობის გარანტიაა (გვ. 79), რომ სასურსათო უსაფრთხოების (უშიშროების) პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია. (გვ. 80). ამ ასპექტით შემოთავაზებულია აგროსასურსათო სექტორის მაკროეკონომიკური რეგულირებისა და მხარდაჭერის ღონისძიებები, შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების გამოყოფით. მოტანილი სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით არამარტო იძლევა მკაფიო წარმოდგენას, თუ რა მასშტაბის სახელმწიფოებრივი დახმარება ხორციელდება აგრარულ სექტორზე ამ სფეროში დასაქმებულ თითოეულ პირზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთეულსა თუ ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე, არამედ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაცაა განსჯისა და მოქმედებებისათვის ქვეყნის აგრარული პოლიტიკის მფორმირებელი და განმახორციელებელი სტრუქტურებისთვისაც.
ყურადსაღებია ავტორთა მოსაზრებები საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის ხელისუფლებისათვის გამიზნული შესაბამისი სარეკომენდაციო ინსტიტუციური, ორგანიზაციული და პროგრამული ღონისძიებები. სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტით ავტორები განიხილავენ აგრეთვე სურსათის უვნებლობას, იმ ღონისძიებების ეფექტიანობას, რაც გატარდა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
სოფლის მეურნეობის, მთლიანად აგრარული სექტორის განვითარების მაგისტრალური ხაზი, ავტორთა აზრით, გადის ამ სფეროს მოდერნიზაციაზე, თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე გაყვანაზე. ამ სფეროს დაჩქარებული განვითარება და საქმიანობისა და ინვესტიციების სტიმულირების გაზრდა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:
ა) მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები;
ბ) სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემა და ფერმერული მეურნეობებისათვის იაფ კრედიტზე ხელმიწვდომობა;
გ) აგროდაზღვევა;
დ) იაფი საწვავი;
ე) ინოვაციური ტექნოლოგიები.
აღნიშნულის მისაღწევად ავტორები გვთავაზობენ 2030 წლამდე სამოქმედო მეგაპროექტს, რომლითაც უნდა შეიქმნას „სპეციალიზებული/აგრარული საინვესტიციო ფონდი“ სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, განხორციელდეს ქვეყნის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ორიენტაცია აგროსასურსათო სექტორის მაღალტექნოლოგიურ დარგად ტრანსფორმაციისათვის; შეღავათიანი რეჟიმების შემოღება ამ სფეროში დაფუძნებული ქართულ-უცხოური კომპანიებისათვის, სპეციალიზებული აგროინოვაციური, აგროტურისტული, აგროსასწავლო, აგროინდუსტრიული და სხვა ზონების შექმნა ქვეყნის რეგიონული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მოსახლეობის/ფიზიკური პირების ქართულ-უცხოური ერთობლივი კომპანიების ფასიან ქაღალდებში, ექსპორტზე ორიენტირებული სწრაფი მოდერნიზაციის ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვისთვის საერთაშორისო არბიტრაჟის/დავების დამრეგულირებელი ორგანოს დაფუძნება და სხვ.
აღნიშნული მონოგრაფია არ არის რიგითი სამეცნიერო პუბლიკაცია. - ის გარკვეული წესით, სამოქმედო პროგრამაცაა. ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების მხრიდან უაღრესად ყურადსაღები და გასათვალისწინებელია ისეთი რეკომენდაციები სოფლის განვითარებისთვის, როგორიცაა სოფლისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და სოფლის მართვის არჩევითი ორგანოს – სოფლის საბჭოს აღდგენა; სოფლისათვის, როგორც იურიდიული პირისათვის, ქონების ფლობის და უვადო სარგებლობის უფლების დაბრუნება, სოფლის ვალდებულება ნიადაგის ნაყოფიერებისა და გარემო პირობების შენარჩუნება/გაუმჯობესების თაობაზე და სხვ.
ნაშრომის ბოლოს მოყვანილი მდიდარი სტატისტიკური მასალა კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ღვაწლმოსილი მეცნიერების იდეების წარმოჩენას, მათ შეხედულებებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.
აღნიშნული მონოგრაფია, მისი კომპლექსური ხასიათის, თეორიული დასკვნებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქართული ეკონომიკური და აგრარული მეცნიერების, მნიშვნელოვანი შენაძენია. ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ იგი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს არამარტო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჩვენს ქვეყანაში დაკავებულია ეკონომიკური, კერძოდ აგრარული პოლიტიკის შემუშავებით და რეალიზებით. მონოგრაფიის გამოყენება მიზანშეწონილად მიგვაჩნია აგრეთვე ეკონომიკური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა თემის სწავლებისას.
დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ ნაშრომს ხანგრძლივი და წარმატებული მომავალი, მკითხველთა გარანტირებულად დიდი დაინტერესება და გათვალისწინება ელის...